2023 წლის 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მონოგრაფიის „თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები“ პრეზენტაცია. ავტორები: ნინო შიოლაშვილი, თამარ ფხალაძე, ლია ახალაძე, გვანცა ბურდული, გელა ქისტაური. ნაშრომი მომზადდა ამავე სახელწოდების სამეცნიერო პროექტის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (FR-19-7379). კვლევა განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ბაზაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორები და სტუდენტები.
ავტორთა კოლექტივმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო საკვლევი თემის აქტუალობა, პროექტის მიზანი და საბოლოო კვლევის შედეგები.
კვლევის ჯგუფისთვის, საინტერესო აღმოჩნდა თრუსოს მოსახლეობის კულტურული იდენტობის კოლექტიური მახასიათებლები, რომელშიც ერთიანდება ტრადიციები, ენა, რელიგია, წეს-ჩვეულებები და ნორმები, კულტურის სიმბოლოები, ისტორიული არტეფაქტები – თავდაცვითი და საკულტო ხასიათის ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, დამწერლობა და სხვა. ამ კონტექსტში ფასდაუდებელია რეგიონის შესახებ არსებული ისტორიული ნარატივის, დოკუმენტური მასალების, ჩანაწერებისა და სხვა სახის წყაროების ცნობები, რომლებშიც გამოხატუალია რეგიონის მოსახლეობის კულტურულ ღირებულებათა და ფასეულობათა ერთიანობა. კვლევა ეფუძნება თრუსოს შესახებ არსებულ სხვადასხვა სახის ისტორიულ წყაროებს: ნარატიულ თხზულებებს, ისტორიულ საბუთებს, მათ შორის საეკლესიო ხასიათის დოკუმენტებს, მოგზაურთა და დიპლომატთა ჩანაწერებს, მოგონებებს, მოსახლეობის აღწერის დავთრებს, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურას, თრუსოს მატერიალური კულტურის, საეკლესიო და თავდაცვითი ნაგებობების, საცხოვრებელთა ტიპების, წერილობითი კულტურის ძეგლების და სხვა მასალების ისტორიულ ანალიზს.
ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს 2021 წლის სექტემბერში პროექტის ფარგლებში თრუსოს ხეობაში განხორციელებული საველე სამეცნიერო ექსპედიციის ვიზუალური მასალა.
ექსპედიციის შედეგები წარმოდგენილია მონოგრფიაში.
შეკრებილმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა, დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული თემისადმი.
Leave a Reply