ინფორმაცია კვლევითი პროექტის შესახებ

„თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები“ – პროექტი   ხორციელდება შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (FR-19-7379).

თრუსოს ხეობაში დამკვიდრებულმა ოსებმა, თავის მხრივ, აითვისეს რიგი ქართული კულტურული ტრადიციები, რაზეც მეტყველებს სინთეზური არქიტექტურა, რიტუალური წესები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და ა.შ. ამდენად, თავისი ისტორიული წარსულით, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობით, მოსახლეობის ყოფის, მატერიალური თუ სულიერი კულტურის განვითარებით თრუსოს ხეობა საკმაოდ მდიდარ და მრავალფეროვან ხეობას წარმოადგენს.

პროექტის მიზანია ისტორიული წყაროების, საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო ლიტერატურისა და საველე ექსპედიციის მასალების საფუძველზე შესწავლილ იქნას XVIII-XXI სს. თრუსოს ხეობაში დაცული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები, მოხდეს მათი აღრიცხვა-აღწერა. უფრო კონკრეტულად, პროექტი ითვალისწინებს თრუსოს ხეობის მოსახლეობის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორიის კომპლექსურ შესწავლას შემდეგი მიმართულებებით: ისტორიულ-გეოგრაფიული; დემოგრაფიული (მოსახლეობის ეროვნული, სოციალური და რელიგიური შემადგენლობა, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა); მიგრაციული პროცესები; არამატერიალური კულტურა (ტრადიციული და თანამედროვე საოჯახო ყოფა, სამეურნეო სფერო, რწმენა წარმოდგენები და რიტუალები) და მატერიალური კულტურის ძეგლები (არქიტექტურა, დანიშნულება, განლაგება, რაოდენობა, თანამედროვე მდგომარეობა და სხვ.).

კვლევის შედეგები აისახება სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილ მოხსენებებში, საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებსა და მონოგრაფიაში.