საგრანტო პროექტში ჩართული კვლევის ჯგუფი
ნინო შიოლაშვილი
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი ნინო შიოლაშვილი 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს საპატრირქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსტეტის ასისტენტ-პროფესორად და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობის განხრით. დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართული ნატყუარი საბუთები (XV-XIX სს)“.
ნინო შიოლაშვილი არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 6 მონოგრაფიის ავტორი. იკვლევს ხევის (ისტორიული მხარე) ისტორიას და დემოგრაფიას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული აქვს ორი მონოგრაფია:
- „მასალები სოფელ სნოს მოსახლეობის ისტორიისათვის“ (1732-1918 წწ.)“ და 2. „მასალები ხევის მოსახლეობის ისტორიისათვის – სოფელი სტეფანწმინდა (1774-1918 წწ.)“.
სხვა მონოგრაფიებიდან აღსანიშნავია:
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომის ჟურნალები (2016) – წიგნში პირველადაა წარმოდგენილი საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ დროებითი მმართველობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.
„კავკასიის კარი – Porta Caucasiae“ (2018) – წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ერთ-ერთი კუთხის – ხევის ისტორია პრეისტორიული ხანიდან მე-20 საუკუნემდე.
ნინო შიოლაშვილი 2008-2010 წლებში იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში“ ძირითადი ჯგუფის წევრი.
თამარ ფხალაძე
პროექტის ძირითადი წევრი და კოორდინატორი, ისტორიის დოქტორი თამარ ფხალაძე 2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. იკვლევს XIX -XX საუკუნეების საქართველოს და ეკლესიის ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ისტორიის და განათლების მიმართულებით 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული ენის საკითხი XIX საუკუნის მეორე ნახევარში“.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ასპირანტურა საქართველოს ისტორიის განხრით. დაიცვა დისერტაცია თემაზე ,, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული ენის საკითხი XIX საუკუნის მეორე ნახევარში (პერიოდულ გამოცემათა მიხედვით).”
2014-2016 წლებში მონაწილეობდა საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგის ცენტრის (PPRTC) პროექტში. აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში. ამჟამად კითხულობს სალექციო კურსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ისტორიის სწავლების საფუძვლები, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები, საქართველოს ისტორია.
ლია ახალაძე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი. სწავლობდა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ სოხუმის ფილიალში ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულებით. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა-ისტორიოგრაფიის განხრით. იქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII საუკუნეებში“.
ლია ახალაძე იკვლევს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდს, ისტორიულ წყაროებს, ისტორიოგრაფიას, კულტურის ისტორიას, აფხაზეთისა და ჯავახეთის ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და მატერიალურ კულტურას, ისტორიის სწავლების მეთოდიკას, განათლების პოლიტიკას, მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ საქართველოსსაკითხებს. ჩართულია საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში. არის ასამდე პუბლიკაციის ავტორი,მათ შორის ორი სასკოლო სახელმძღვანელოს, კრებულების ავტორი და რედაქტორი. შრომები გამოქვეყნებული აქვს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, ჩეხურ, რუსულ, არაბულ, თურქულ ენებზე.
მისი კვლევებიდან აღსანიშნავია: აფხაზეთის ეპიგრაფუკული ძეგლები როგორ საისტორიო წყარო, ლაპიდარული და ფრეკული წარწერები (2005),აფხაზეთი „აფხაზთა სამეფოს“ შემადგენლობაში. VIII ს. მეორე ნახევარი – X ს. (კოლექტიურ კვლევაში: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან – აფხაზეთი, 2007 – ქართულად, 2009 – რუსულად, 2011-ინგლისურად), აფხაზეთი XI საუკუნიდან XIII საუკუნის 40-იან წლებამდე(კოლექტიურ კვლევაში: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან – აფხაზეთი, 2007- ქართულად, 2009 – რუსულად, 2011- ინგლისურად) აფხაზთა მეფეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტიფიკაციის საკითხისათვის (2013), ჯავახეთის ეპიგრაფიკა (2012), თანამედროვე აფხზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები (განთავსებულია ინტერნეტსაიტზე Expert.ge, მულტიკულტურული და მულტიეთნიკური საქართველო (კოლექტიური შრომა, 2015). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა – აფხაზეთი (2014, 2015, 2018);
გვანცა ბურდული
პროექტის ძირითადი წევრი, ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული საქართველოს საპატრიარქოსწმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დასამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების კოორდინატორია.
2009 წელს ჩაირიცხა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეზე, სადოქტორო საგნმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს ისტორია. 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების საკითხი რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირზე (1906 წელი)“.
ავტორია სამი მონოგრაფიის და 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის. მუშაობს საქართველოს ისტორიის ახალ და უახლეს პერიოდზე, იკვლევს XIX -XX საუკუნეების საქართველოს და ეკლესიის ისტორიის საკითხებს ; ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია.
გელა ქისტაური
პროექტის ძირითადი წევრი (ახალგაზრდა მეცნიერი), ისტორიის დოქტორი – გელა ქისტაური იკვლევს ქრისტიანობამდელი დროიდან მომდინარე ხალხური და ქრისტიანული სააზროვნო სისტემების ურთიერთობის საკითხს. 2014 წელს მისი ავტორობით გამოიცა მონოგრაფია: ,,წარმართული რელიქტი V – X საუკუნეების ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობასა და ხალხურ ქრისტიანობაში.“ ნაშრომში V – X საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების, არაპირდაპირი ცნობების დეტალური ანალიზის შედეგად, გამოვლენილია ჩვენი საზოგადოების წინაქრისტიანული რწმენა – წარმოდგენების შემცველი პასაჟები და მათი ქრისტიანულ მწერლობაში ჩაშენების მიზეზები. ავტორს, სამეცნიერო სტატიებში შესწავლილი აქვს საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების, სინკრეტული რელიგიის, პაგანიზებული წეს – ჩვეულებების მთელი რიგი საკითხები. ფლობს ველზე ინფორმაციის მოძიებისა და მისი დამუშავების მეთოდებსა და პრაქტიკული წყაროთმცოდნეობითი მუშაობის გამოცდილებას. შეუძლია სხვადასხვა მასალაზე შესრულებული, სხვადასხვა შინაარსის ნარატიული და დოკუმენტური წყაროების გარეგანი და შინაგანი კრიტიკის ხერხებით კვლევა – ძიება და მათი სამეცნიერო სფეროში შემოტანა.
ოთარ ჟიჟიაშვილი
პროექტის დამხმარე პერსონალი – ოთარ ჟიჟიაშვილი, ისტორიკოსი, დოქტორანტი, 2009 წლიდან მუშაობს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილებაში მეცნიერ-თანამშრომლად. სწავლობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის სპეციალობაზე. სადოქტორო თემა არის ჭარმაულთა ფეოდალური სახლი XIII-XVIII სს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ამჟამად მუშაობს ისტორიული დოკუმენტების (Ad, Qd, Sd, Hd) კატალოგის ბაზის შექმნაზე. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიის ავტორი.
წიგნად გამოსცა მონოგრაფიული კვლევა ქართლის მეფე სიმონ II-ის შესახებ (1619-1630 წწ.). ამ მეფის მოღვაწეობაზე აქამდე ფუნდამენტური კვლევა ჩატარებული არ იყო და მისი ნაშრომი ამ მხრივ სიახლეა.